დუბაის შოკოლადის ფენომენი: ტრენდის უცნაური კულტი და უნდა შევხედოთ თუ არა ამ ტრენდს როგორც სოც. მედიის მორიგ ილუზიას?

დუბაის შოკოლადი ისეთივე გადაჭარბებული და ხელოვნურია, როგორც ქალაქი, რომლის სახელსაც ატარებს.“

ალბათ, უკვე გსმენიათ დუბაის შოკოლადის ირგვლივ აგორებულ აჟიოტაჟზე.
ბევრისთვის ის ახალი გემობის აღმოჩენაა.
სხვებისთვის კი უბრალოდ სოციალური მედიის მორიგი ილუზია.

მოგწონთ თუ არა, ეს თქვენი პირადი არჩევანია.


ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ ბრიტანული გამოცემა The Spectator-ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სტატიის თარგმანი, რომელიც ამ შოკოლადს სხვა თვალით გვიჩვენებს.

დუბაის შოკოლადის ნამდვილი დეფიციტი თუ სოციალური მედიის ილუზია?


დუბაის შოკოლადი, TikTok-ისა და Instagram-ის ახალი ვარსკვლავი, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პრესტიჟულმა სუპერმარკეტმა, Waitrose-მა, მისი გაყიდვა ერთ მომხმარებელზე ორ ფილამდე შეზღუდა.


როგორც The Times წერს, მიზანი იყო, რომ „ყველას ჰქონოდა შანსი, გაესინჯა ეს შოკოლადი“.

თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს.
Grocery Insight-ის ხელმძღვანელი, სტივ დრესერი, მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს მარკეტინგული ხრიკი იყოს. ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი, აჟიოტაჟისა და მოთხოვნის გასაზრდელად.

Waitrose ამ ვარაუდს უარყოფს და ამტკიცებს, რომ შოკოლადის ფილის პოპულარობა სრულიად ბუნებრივია და მართლაც „შთამბეჭდავი“.

შთამბეჭდავია თუ არა, სხვა საკითხია. ჩემი პირადი ბიუჯეტისთვის £10-იანი შოკოლადი ფუფუნებას სცდება.
თუმცა, მთავარი კითხვა ფასზე კი არა, პროდუქტზე გავრცელებულ მოლოდინებსა და სოციალურ ქსელებში შექმნილ მითზეა.

საქმე გვაქვს პროდუქტთან, რომელიც პოპულარულია არა მხოლოდ გემოს, არამედ იმ გაშუქების გამო, რაც მას სოციალურ ქსელებში ერგო.


რეალურად კი, ის არც უნიკალური და მით უმეტეს, არც უგემრიელესია.
მისი გემო და ტექსტურა გადატვირთულია, განსხვავებული კომპონენტების ერთობლიობა კი თანხვედრილობას მოკლებულია.

რა არის დუბაის შოკოლადი?

თუკი არსებობს ვინმე, ვისაც ამ პროდუქტზე ჯერ კიდევ არ სმენია: დუბაის შოკოლადი შედგება ქნაფესგან (არაბული ტკბილეული სიროფში გაჟღენთილი ცომით), ფისტის პასტისა და რძიანი შოკოლადისგან.


ცალკ-ცალკე თითოეული ინგრედიენტი გემრიელია: შოკოლადი თითქმის ყველანარი გვიყვარს. ქნაფე, სწორად მომზადებული, უგემრიელესია და ფისტაც ღირსეულად იკავებს თავის ადგილს კონდიტერიაში.

დუბაის შოკოლადი: გემო თუ სოციალური მედიის ილუზია?

მაგრამ ერთად, როცა ყველაფერი ერთ პროდუქტში ერთიანდება, შედეგი არაპროგნოზირებადია. გემოსა და ტექსტურების შეხამება რთულად ბალანსდება და შოკოლადი მეტისმეტად ცხიმიანი და ტკბილი გამოდის.
ეს უფრო სარეკლამო ეფექტზე გათვლილი პროდუქტი ჩანს, ვიდრე გემოზე ორიენტირებული.

ისევე როგორც სხვა ბევრ ტრენდს TikTok-იდან, დუბაის შოკოლადსაც ეტყობა, რომ მისი პოპულარობა ხელოვნურადაა შექმნილი.


ეს არ არის მხოლოდ დესერტი. ეს არის პროდუქტი, რომელიც ბაზარზე იმ იმედით გამოუშვეს, რომ მის ირგვლივ შექმნილ მოლოდინებს გაყიდვები მოჰყვებოდა.

დუბაის შოკოლადი: სოცმედიის ილუზია?



დუბაის შოკოლადის ავტორი, ბრიტანელ-ეგვიპტელი სარა ჰამუდა, შოკოლადის შექმნას ორსულობის პერიოდს უკავშირებს. იგი ამბობს, რომ იდეა ორსულობის დროს გაჩენილი გემოვნების უცნაური ლტოლვებისგან წამოვიდა — და მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია შესაძლოა საყვარლად ჟღერდეს, არსებობს მიზეზი, რატომაც არ შეგხვდებათ მაღაზიებში მჟავე კიტრისა და ნაყინის ან ვაშლისა და მაიონეზის შოკოლადის ფილები.


ორსულობა არ უხსნის კარს უცნობ კულინარიულ საიდუმლოებებს — ის უბრალოდ ააქტიურებს ჰორმონებს, რომლებიც გემოს რეცეპტორებს ისეთივე ქაოსში აგდებს, როგორშიც თავად სხეულია ჩაფლული.

მისივე თქმით, მისი ბრენდი, Fix Chocolatier, აწარმოებს ხელნაკეთ შოკოლადს სახელად “Can’t Get Knafeh of It”, და დღეში მხოლოდ 500 შეკვეთას იღებს.


შესაბამისად, რეალურად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ნამდვილი პროდუქტის დაგემოვნების შესაძლებლობა.


დანარჩენი კი, რასაც ინტერნეტში ვხვდებით, ძირითადად იმიტაციაა — რაც გემოზე და ხარისხზეც აისახება.

შესაბამისად, იმიტირებული ვერსიები, მათ შორის Lidl-ის მიერ გამოშვებული იაფი, £4.99-იანი ვერსიაც, სულ რაღაც 72 წუთში ამოიწურა TikTok-ზე გამოჩენის შემდეგ.


თუმცა, ეს კვლავ იმაზე მიგვითითებს, რომ შოკოლადის ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი მიზეზი კვლავაც ვირუსული მარკეტინგია.

ასე რომ, გურმანი ხართ თუ უბრალოდ შოკოლადის მოყვარული, თუ გსურთ რეალური გემო და ხარისხი, ეცადეთ თავიდან აიცილოთ ვირუსული ტრენდები.


შეარჩიეთ ისეთი შოკოლადი, რომელიც ნამდვილად ხარისხიან ინგრედიენტებზეა დამზადებული და არა ჰეშტეგებზე.


თუკი ქნაფე გაინტერესებთ — ეძებეთ ავთენტური რესტორანი, სადაც ტკბილეული ჯერ მზადდება და შემდეგ უღებენ ფოტოს, და არა პირიქით.


წყარო: The Spectator

Written by

Stephen Daisley

Stephen Daisley is a Spectator regular and a columnist for the Scottish Daily Mail